ისტორია პროექტისა Mozilla
Mozilla-პროექტი შეიქმნა 1998 წელს Netscape-ბრაუზერის ნაკრების, პირველწყარო კოდის გამოშვებით. იგი მიზნად ისახავდა ინტერნეტში ათასობით პროგრამისტის შემოქმედებითი ენერგიის მიმართვას, ბრაუზერების ბაზარზე, ჯერ არნახული სიახლეების დანერგვისკენ. პირველივე წელს ახალი ერთობის წევრებმა მთელი მსოფლიოდან უკვე შეიტანეს წვლილი შესაძლებლობების დამატებით, არსებულის გაუმჯობესებით და ჩაერთვნენ პროექტის მართვისა და დაგეგმვის საქმიანობაში.
ღია საზოგადოების შექმნით, Mozilla-პროექტი გახდა მეტად მასშტაბური კომპანია. ერთობის წევრებმა არათუ სრულად უზრუნველყვეს, არამედ გააფართოვეს პროექტის თავდაპირველი მიზანი — ნაცვლად, მხოლოდ Netscape-ის მომდევნო ბრაუზერზე მუშაობისა, ხალხმა დაიწყო ბრაუზერის სხვადასხვა სახეობის, შესამუშავებელი ხელსაწყოებისა და არაერთი განსხვავებული პროექტის შექმნა. ხალხს წვლილი შეჰქონდა Mozilla-ში სხვადასხვა კუთხით, თუმცა ყველას აერთიანებდა სურვილი, შეექმნა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ხალხს არჩევანის შესაძლებლობას მისცემდა, ინტერნეტით სარგებლობისთვის.
რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, Mozilla 1.0, პირველი ძირითადი ვერსია, გამოვიდა 2002 წელს. ამ ვერსიას გააჩნდა ბევრი გაუმჯობესებული შესაძლებლობა ბრაუზერისთვის, ელფოსტის პროგრამისა და სხვა აპლიკაციებისთვის, რომელთაც შეიცავდა აღნიშნული კრებული, თუმცა ბევრი მომხმარებელი არ ჰყოლია. 2002 წლისთვის, ინტერნეტის მომხმარებელთა, დაახლოებით 90%-ზე მეტი იყენებდა Internet Explorer-ს. ბევრს არ შეუნიშნავს იმ დროს, მაგრამ პირველი ვერსიის Phoenix (მომავალში დასახელებით Firefox) ასევე გამოვიდა Mozilla-ს ერთობის წევრების ძალისხმევით იმავე წელს მთავარი მიზნით, მიეცა გვერდების მონახულების საუკეთესო შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის.
2003 წელს, Mozilla-პროექტმა შექმნა Mozilla Foundation, დამოუკიდებელი არამომგებიანი ორგანიზაცია ცალკეული შემომწირველებისა და სხვადასხვა კომპანიების მხარდაჭერით. ახალი Mozilla Foundation აგრძელებდა მონაწილეობას პროექტის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში და აგრეთვე, ოფიციალურად აიღო საკუთარ თავზე ინტერნეტში გახსნილობის, სიახლეების დანერგვისა და შესაძლებლობების გაზრდის ვალდებულება. ამას აკეთებდა ისეთი პროგრამების გამოშვების უზრუნველყოფით, როგორებიცაა Firefox და Thunderbird, აგრეთვე, ახალი დარგების ათვისებით, მათ შორის ფინანსური საშუალებების გამოყოფით, ვებსივრცეში ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად.
Firefox 1.0 გამოვიდა 2004 წელს და გახდა დიდი წარმატების მომტანი — წელიწადზე ნაკლებ დროში, ჩამოიტვირთა 100 მილიონზე მეტი. ახალი ვერსიის Firefox მას შემდეგ დროდადრო გამოდიოდა და ახალ რეკორდებს ამყარებდა. Firefox-ის პოპულარობამ შეძლო ხალხისთვის არჩევანის თავისუფლების დაბრუნება. განახლებულმა მეტოქეობამ წაახალისა სიახლეების დანერგვა და ინტერნეტის საყოველთაო განვითარება.
2013 წელს, ჩვენ გამოვუშვით Firefox OS ვებსამყაროს სრული ძალის წარმოსაჩენად სმარტფონებზე და კვლავაც, მართვისა და არჩევანის შესაძლებლობის მისაცემად, ინტერნეტის ახალი თაობისთვის.
Mozilla ასევე აღნიშნავდა მოღვაწეობის მე-15 წელს 2013-ში. ამ ერთობამ აჩვენა, რომ მომგებიან ორგანიზაციებს შეუძლია სარგებლის მიღება ღია წყაროს პროექტებთან თანამშრომლობით, რასაც საბოლოოდ მივყავართ მაღალი ხარისხის პროდუქტების წარმოებისკენ, ღია წყაროს პროგრამული უზრუნველყოფის სახით. მეტი და მეტი ადამიანი სარგებლობს ინტერნეტით საკუთარ ენაზე. წარმოიქმნა მძლავრი ორგანიზაცია, რომელიც საბაზრო მექანიზმების გამოყენებით, მხარს უჭერს საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებს და ეს მოდელი არაერთხელ გამოიყენეს სხვებმაც, ღია, გამჭვირვალე და საერთო თანამშრომლობაზე აგებული დაწესებულებების შესაქმნელად მთელ რიგ განსხვავებულ დარგებში.
მომავალი ზუსტად ისევე სავსეა გამოწვევებითა და შესაძლებლობებით, როგორი წარსულიც გვქონდა. ჯერჯერობით, არ არსებობს რამე საწინდარი იმისა, რომ ინტერნეტი დარჩება ღია, სასიამოვნო და უსაფრთხო. Mozilla განაგრძობს ბრძოლას, რომ ხალხის ხმა იყოს შესმენილი და ყველას შეეძლოს, თავადვე განკარგოს საკუთარი ინტერნეტცხოვრება. რასაკვირველია, ჩვენ მარტონი არ ვართ ამ საქმეში. Mozilla-ს ერთობა, სხვა ღია წყაროს პროექტებთან და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ორგანიზაციებთან ერთად, არსებობს მხოლოდ მხურვალე მოხალისეების ძალისხმევით, რომლებიც იღწვიან ჩვენი საერთო მიზნების განსახორციელებლად. თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს მიზანს, გთხოვთ ჩაერთოთ.
ვრცლად Mozilla-ს ისტორიაზე, იხილეთ:
- Mozilla სანიშნები
- Mozilla-პროექტის ქრონოლოგია
- Mozilla მეხსიერების ციფრული ბანკი
- ისტორია Firefox-ისა და Mozilla-ს პლაკატების (ხელმისაწვდომია ინგლისურად და იაპონურად)